ბიძინა ივანიშვილისა და კელი დეგნანის შეხვედრა მეორე დღეა აქტიური განხილვის საგანია.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ღია წერილის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის ფაქტი დღეს ამერიკის ელჩმაც დაადასტურა. რა იყო სამსაათიანი შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები, ამას არც ამერიკელი დიპლომატი აკონკრეტებს, თუმცა ცალსახად აღნიშნავს, რომ 21 მარტის შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი საქართველოს ომში ჩართვაზე. ელჩის განცხადებით, ივანიშვილთან შეხვედრები ყოველთვის ეხებოდა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან საქართველოს სრულ მხარდაჭერას. დიპლომატის კომენტარმა პოლიტიკურ სპექტრში შეხვედრის შინაარსის მიმართ, ინტერესი კიდევ უფრო გაამძაფრა. საკითხზე დამატებით განმარტებებს ახლა ორივე მხარეს მმართველი გუნდი სთხოვს. „ქართულ ოცნებაში მიიჩნევენ“, რომ უმჯობესია საზოგადოებას შეხვედრის თაობაზე დეტალური ინფორმაცია მიეწოდოს. ელჩის განცხადებას სრულად ენდობა ოპოზიცია, თუმცა მათგან განსხვავებით ამერიკელ დიპლომატს კითხვებზე პასუხებს სთხოვს ოცნებიდან გასული ის სამი დეპუტატი, რომელმაც შეხვედრის თემა პირველმა გააჟღერა. დამოუკიდებელი დეპუტატები კელი დეგნანს მეტ კონკრეტიკას თხოვენ, საჭიროების შემთხვევაში კი, კიდევ უფრო მეტი ინფორმაციის გასაჯაროებას აანონსებენ.