ვაშინგტონში, ამ წუთებში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული.
კაპიტოლიუმის შენობასთან ისტორიული ცერემონია მიმდინარეობს. დონალდ ტრამპი წავიდა, აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ფიცი დადო და მოსახლეობას მიმართავს. ფიცი დადო ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმაც. დღეს ბაიდენი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში შევა და საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება.
6 იანვარს, კონგრესთან განვითარებული ძალადობრივი მოვლენების გამო დღევანდელი ცერემონია გაძლიერებული უსაფრთხოების ზომების ფონზე მიმდინარეობს, ვაშინგტონში უსაფრთხოებას ეროვნული გვარდიის 25 000-მდე წევრი იცავს, მაშინ როცა ტრამპის ინაუგურაციის დროს ეს რაოდენობა 8 000-ს შეადგენდა. უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიღებულია ყველა შტატში. ბუნებრივია, პანდემიის გამო ფიცის დადების ცერემონია შეზღუდვების და რეგულაციების დაცვით ტარდება. შეზღუდულია დამსწრეთა რაოდენობა, დახურულია ეროვნული პარკი, ღონისძიებების დიდი ნაწილი კი ვირტუალურად ჩაივლის. დღეს დაირღვა 150-წლიანი ტრადიცია და ენდრიუ ჯონსონის, ჯონ ქუინსი ადამსის და ჯონ ადამსის შემდეგ დონალდ ტრამპი არის რიგით მეოთხე, რომელიც ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას არ ესწრება. მას შემდეგ, რაც ბაიდენი გამოსვლას დაასრულებს, ის არლინგტონის სასაფლაოზე წავა, სადაც უცნობი ჯარისკაცის მემორიალს გვირგვინით შეამკობს. იქ იქნება სამი ექს-პრეზიდენტი: ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში და ბილ კლინტონი. ინაუგურაციაზე ტრამპის ადმინისტრაციიდან წარმოდგენილია უკვე ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი. ფიცის დადებამდე შესრულდა ეროვნული ჰიმნი. ის ლედი გაგამ იმღერა, საათნახევრიან კონცერტში ცნობილი მომღერლები მონაწილეობენ.