აშშ-ი უკრაინის დასახმარებლად ოთხი მილიარდი დოლარის გამოყენებას განიხილავს
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში უკრაინის დასახმარებლად რეზერვიდან ოთხი მილიარდი დოლარის გამოყენებას განიხილავენ. „სიენენის” ინფორმაციით, თავდაცვის დეპარტამენტს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაახლოებით ოთხი მილიარდი დოლარი ჯერ კიდევ აქვს უკრაინისთვის, რაც პენტაგონს საშუალებას აძლევს, აშშ-ის საწყობებიდან იარაღი გააგზავნოს, თუმცა დეპარტამენტს არ აქვს სახსრები, რომ გაგზავნილი იარაღი ახლით ჩაანაცვლოს. ასევე, პენტაგონს არ აქვს რაიმე გარანტია, რომ იმ შემთხვევაში, თუ რეზერვის ოთხ მილიარდს გამოიყენებს, შემდეგში კონგრესი შეავსებს მას. „სიენენი“ წერს, რომ ჯერ ოფიციალური გადაწყვეტილება ამის შესახებ არ არსებობს, თუმცა საუბარი ამ გამოსავალსა და სხვა გეგმებზე აქტიურად მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც უკრაინაში ბრძოლის ველზე სიტუაცია უფრო მეტად გამწვავდა.