არეულობის მოწყობის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვიდეომასალას ავრცელებს. საუბარია ორგანიზაცია „კანვასის“ წარმომადგენლების მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილზე.
2023 წლის 25 სექტემბერს საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ სერბეთის მოქალაქეები. აღნიშნული პირები დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან, სხვადასხვა წლებში კი მათ ასევე კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან.
უწყების ცნობით, ისინი აქტიურად ახორციელებდნენ საპროტესტო მუხტის წარმოქმნის მეთოდიკისა და ძალადობრივი აქციების ჩატარების ტაქტიკის სწავლებას.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ორგანიზაცია „კანვასის“ დესტრუქციულ გეგმებზე მიმდინარე წლის 18 სექტემბერს განცხადება წინმსწრებად გაავრცელა. საქმეზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენ პირთა მხილებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით.