ამსტერდამში ათობით ადამიანმა ტრამვაის პეტარდები ესროლა და ცეცხლი წაუკიდა, დაკავებულია რამდენიმე პირი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ზოგიერთი მომიტინგე „თავისუფალ პალესტინას“ სკანდირებდა. პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, ტრამვაის ფანჯრებიც ჩაიმსხვრა, თუმცა ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია, რადგან ტრამვაი ცარიელი იყო. სამართალდამცველების ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს არეულობა გასულ კვირას ფეხბურთის ისრაელელ გულშემატკივებზე განხორციელებულ თავდასხმებს. ნიდერლანდების პოლიციამ განაცხადა, რომ დააკავეს კიდევ ხუთი ადამიანი, რომლებიც, სავარაუდოდ,მონაწილეობდნენ გასულ კვირას ისრაელელ გულშემატკივრებზე თავდასხმაში. ეჭვმიტანილები 18-დან 37 წლამდე ასაკის მამაკაცები არიან, რომლებიც ქვეყანაში ცხოვრობენ. ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა, დიკ სხოოფმა განაცხადა, რომ ისრაელელ გულშემატკივრებზე თავდასხმებს არაფერი ამართლებს.