#არჩევნები2024 „ქართულ ოცნებას" არჩევნების შედეგებს ულოცავენ

„ჩარევის მცდელობის მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობამ ნათლად აჩვენა, რა სურს. მმართველმა პარტიამ, რომელიც მხარს უჭერს პატრიოტებს, ოჯახებს, არჩევნებში დიდი სხვაობით გაიმარჯვა“ – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო „ფეისბუქზე“ წერს. „კარგია, გილოცავთ! ევროკავშირში ჩვენი თავმჯდომარეობის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში და, რა თქმა უნდა, შემდგომში, ჩვენ ჩვენს ქართველ მეგობრებს ყველანაირ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ მათი ევროინტეგრაციის მცდელობებში წარმატებისთვის“, – წერს სიიარტო.

„ქართულ ოცნებას“ გამარჯვებას ულოცავს აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი. “ამ კენჭისყრით საქართველოს მოქალაქეებმა გამოხატეს მხარდაჭერა განვითარების, სტაბილურობისა და ტრადიციული ღირებულებებისადმი. მჯერა, რომ არჩევნების შედეგები მოემსახურება საქართველოს ყოვლისმომცველ განვითარებას და კეთილდღეობას. ამავდროულად, გამოვთქვამ რწმენას, რომ არჩევნების შედეგები ხელს შეუწყობს აზერბაიჯან-საქართველოს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების მდგრად განვითარებას, რომელიცნაკარნახევია ჩვენი ხალხების ნებით.”- ნათქვამია აზერბაიჯანის პრეზიდენტის წერილში.

მილოცვას ავრცელებს სომხეთის პრემიერ-მინისტრიც. ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში წერს: „ვულოცავ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და პარტია „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას. მჯერა, რომ სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობები გააგრძელებს მდგრად განვითარებას – სომხეთისა და საქართველოს მოძმე ხალხების საკეთილდღეოდ“. – ნათქვამია ფაშინიანის მილოცვაში.