„ცესკოს წინასწარი შედეგები არ ასახავს საქართველოს მოქალაქეების ნებას“ – ასეთია არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასება. მათი თქმით, მმართველი პარტია ყველა ტიპის მანიპულაციას იყენებდა, სწორედ ამიტომ დარღვევების უპრეცედენტო რაოდენობა იყო. მესამე სექტორში ამბობენ, რომ არჩევნების დღე მძიმე და არსებითი დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა. შემუშავებული იყო არჩევნების გაყალბების კომპლექსური სქემა, ზეწოლა იყო ამომრჩევლებზე, გამოყენებული იქნა ვერიფიკაციის სისტემის მოშლა, მარკირების პროცედურების დარღვევა და დამკვირვებლებისთვის ამომრჩეველთა იდენტიფიკაციის პროცესზე დაკვირვებისთვის ხელის შეშლა. მათივე განცხადებით, საქართველოს ფარგლებს გარეთ საარჩევნო უბნებზე მიზანმიმართულად შექმნეს კოლაფსი. მესამე სექტორში თვლიან, რომ ეს არჩევნები არ იყო სამართლიანი და თავისუფალი.