სტრატეგიული პარტნიორის მხარდამჭერი განცხადება თუ გაფრთხილება წინასაარჩევნოდ – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის და ელჩ დეგნანის მოწოდებების მიღმა მმართველი გუნდი და ოპოზიცია სხვადასხვა გზავნილს ხედავენ.
პოლიტიკური სპექტრის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ექცევა მაიკ პომპეოს მოადგილის ის ფრაზა, სადაც მან დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კონტექსტში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს კრიტიკული ეტაპი უწოდა. პარლამენტში ხმების და ინტერესების მრავალფეროვნების აუცილებლობაზე მიუთითებს ელჩი კელი დეგნანიც. საქართველოს პირველ დიპლომატთან ერთად გამართულ ონლაინ-კონფერენციაზე მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა იმაზეც, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას ეკონომიკის განვითარების და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხითაც. მიუხედავად იმისა, რომ ელჩმა გამოსვლის დროს საქართველოს მიერ გადადგმულ პროგრესულ ნაბიჯებსაც გაუსვა ხაზი და ქვეყანას რეგიონში ლიდერი უწოდა, ოპოზიციამ ვაშინგტონის მოწოდებები ხელისუფლებისთვის მკაცრ გაფრთხილებად ჩათვალა.