წინასაარჩევნოდ ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნის დაპირება მხოლოდ განცხადებად დარჩა. შიდა უთანხმოებისა და გადაჯგუფებების შემდეგ, ოპოზიციური ძალები დამოუკიდებელ საარჩევნო გეგმებს აწყობენ. ამჯერად საზოგადოებას საკუთარი გუნდი ალეკო ელისაშვილმა გააცნო, რომელსაც დანარჩენ ოპოზიციასთან უთანხმოება სწორედ მაჟორიტარობის კანდიდატთა შერჩევის დროს მოუვიდა. ის საბურთალოს რაიონში იყრის კენჭს.
დღევანდელი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატთან ერთად, ელისაშვილს ოპოზიციიდან მინიმუმ სამი კონკურენტი ეყოლება. თუმცა, მეტოქეების ჩამონათვალი, შესაძლოა, გაიზარდოს. ეს იმ შემთხვევაში, თუ „ლეიბორისტების“ ოფისში შექმნილი ოპოზიციური ფორმატის მონაწილეები თბილისის ჯერ ისევ ღიად დარჩენილ ორ ოლქში – საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთში წარსადგენ ერთიან კანდიდატურებზე ვერ შეთანხმდებიან.
ნათია ქენქაძე გვეტყვის, როგორია საერთო მიზნისთვის ცალ-ცალკე მებრძოლი ოპოზიციის გეგმები.