არასრულწლოვნების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა დღეს უნდა დამტკიცდეს
პარლამენტი დღეს ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობას დაამტკიცებს და მის თავმჯდომარედ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, სერგი კაპანაძეს აირჩევს.
როგორც ცნობილია, საგამოძიებო კომისია 17 კაცისგან დაკომპლექტდება და უმრავლესობით, ცხრა ხმით, საპარლამენტო უმცირესობა იქნება წარმოდგენილი.
ექვსი წევრი ეყოლება „ქართულ ოცნებას“.
„პატრიოტთა ალიანსიდან“ სიაში ადა მარშანიაა წარმოდგენილი.
საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩართული იქნება დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილიც.
რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, პარტიამ კომისიის მუშაობაში ჩართვაზე უარი განაცხადა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიაჩნიათ, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისია რეალურ შედეგს ვერ დადებს.