მესამე სექტორიდან პოლიტიკაში.
წინასაარჩევნოდ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ახალი გაერთიანება გამოჩნდა. „თავისუფლების მოედნის“ წევრთა ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციების უკვე ყოფილი წევრია. მთავარ მიზნად არჩევნებზე ხელისუფლების დამარცხება და პოლიტიკური სივრცის გაერთიანება სახელდება. მოძრაობის ლიდერი ასევე მესამე სექტორის ყოფილი წარმომადგენელი ლევან ცუცქირიძეა, რომელიც აპრილ-მაისში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. გაერთიანება პრეზიდენტის მიერ ცოტა ხნის წინ ოპოზიციისთვის შეთავაზებული ქარტიის ყველა პუნქტს ეთანხმება და სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფთან თანამშრომლობისთვის მზად არის. რაც ყველაზე საინტერესოა, მოძრაობის წევრები პოლიტიკურ აქტივობებთან ერთად მესამე სექტორშიც აპირებენ საქმიანობის გაგრძელებას.
რა შანსი და პერსპექტივა აქვს არასამთავრობო ორგანიზაციების ყოფილი წევრების პოლიტიკურ გეგმას და განაცხადს საპარლამენტო არჩევნებზე – პროგნოზები არაერთგვაროვანია. სკეპტიციზმს ოპოზიციურ ფლანგზეც ვერ მალავენ.