ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ ევროკომისიას, „არსებული პრობლემების მიუხედავად, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცეს“. განცხადებაში ნათქვამია: „მოგმართავთ ჩვენი ქვეყნის ერთგულ და ძლიერ ევროპელ მეგობრებს და, კონკრეტულად, ევროკომისიას, საქართველოში არსებული პრობლემების მიუხედავად, 12 პრიორიტეტის შესრულების ობიექტური შეფასების პარალელურად, მოგვეცეს რეკომენდაცია, რომ 2023 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. ჩვენ, ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს გვჯერა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება, გარდა იმისა, რომ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფების გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, დაეხმარება ქართველ ხალხს უკეთ გაუმკლავდეს რუსულ ინტერესებს საქართველოში, რადგან მეტი ევროკავშირი ნიშნავს ნაკლებ რუსეთს. ხელმომწერ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს გვაერთიანებს საერთო მისია, დავიცვათ და წარმოვადგინოთ საქართველოს მოქალაქეების ინტერესი, დავიცვათ და დავამკვიდროთ ევროპული დემოკრატიული ღირებულებები“, – ნათქვამია განცხადებაში.