არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკა და ფინანსები

ვინ და რა მიზნით აფინანსებს არასამთავრობო სექტორს საქართველოში – მმართველი გუნდი უცხოური დონორი ორგანიზაციების მხრიდან, მესამე სექტორის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე პასუხისმგებლობის აღებას ელოდება. ხელისუფლება ცალკეულ ორგანიზაციებს დაფინანსების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს და უცხოელ დონორებს სთხოვს, დაინტერესდნენ, რა მიზნებისთვის იხარჯება მათი ფინანსები საქართველოში.

საპარლამენტო უმრავლესობაში მესამე სექტორისა და გარკვეული პოლიტიკოსების კავშირზეც საუბრობენ და მიიჩნევენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გზით, ოპოზიცია საკუთარ პოლიტიკურ გეგმებს ახორციელებს. ოპოზიციის ერთი ნაწილი ხელისუფლების ამ განცხადებებს დემაგოგიას უწოდებს, მეორე ნაწილისთვის კი გაუგებარია, სად და რატომ ხედავს პრობლემას მესამე სექტორის საქმიანობაში მმართველი გუნდი.