არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მოუწოდებს პრეზიდენტს, ვეტო დაადოს ფარული მიყურადების კანონმდებლობას. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც 7 ივნისს პარლამენტმა დაუჭირა მხარი, არაერთი ხარვეზით ხასიათდება, მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია ფარული საგამოძიებო მოქმედებების ვადასთან და პირისათვის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შეტყობინებასთან დაკავშირებული ახალი წესები. კერძოდ, ფარული მოსმენები 77 დანაშაულზე შეიძლება უვადოდ განხორციელდეს და რიგი დანაშაულების შემთხვევაში პირმა შესაძლოა 30 წელიც ვერ შეიტყოს, რომ მის მიმართ ფარული მიყურადება ხორციელდებოდა. შესაბამისად, ვერასდროს გამოიყენოს გასაჩივრების უფლება, ვერ ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით და ვერ დაიცვას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. მოთხოვნას პრეზიდენტის სახელზე 10 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს. ცვლილებებთან დაკავშირებით, გუშინ განცხადება ევროკავშირის ელჩმაც გაავრცელა.