არასამთავრობო ორგანიზაციები საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებზე მუშაობის გაგრძელებას ითხოვენ. მათ ერთობლივი განცხადება დღეს გაავრცელეს. სამოქალაქო სექტორში მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებზე მუშაობა გაგრძელდეს, რათა საკანონდებლო ორგანოში ინიცირებამდე, კანონპროექტი არსებულ გამოწვევებს პასუხობდეს და არჩევნების თანასწორ და კონკურენტულ გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფდეს.
არასამთავრობო ორგანიზაციები მმართველი გუნდის მიერ შემოთავაზებული ინიციატივების ნაწილს დადებითად აფასებენ და მიაჩნიათ, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხის შეცვლა ხელს შეუწყობს პარტიების მიერ მიღებულ დაფინანსებას შორის არსებული დისბალანსის შემცირებას.
საარჩევნო კოდექსში შემოთავაზებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, არასამთავრობოების განცხადებაში ნათქვამია:
„სამწუხაროდ, მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილი პროექტი შეიცავს არაერთ პრობლემურ საკითხს, რაც ამ სახით მიღების შემთხვევაში, მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს საარჩევნო გარემოს 2020 წლის არჩევნების წინ. განსაკუთრებით შემაშფოთებელია რეგულაციები, რაც გამოხატვის თავისუფლებასა და მედიას უკავშირდება. შემოთავაზებული ცვლილებების მნიშვნელოვანი ნაწილი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ის მიმართულია გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ და გაუმართლებელ ტვირთს აკისრებს მედიას, რაც ცალსახად უარყოფით გავლენას მოახდენს საარჩევნო პერიოდში მედიასაშუალებების მუშაობაზე,“- აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.
სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნას მმართველი გუნდიდან ირაკლი კობახიძემ უპასუხა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შეფასებით, საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობა რეალურად არც შეწყვეტილა და სექტემბერში უკვე კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა დაიწყება, რომელიც 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს.