მორიგი რეზონანსული ინიციატივა, რომელიც არასამთავრობო სექტორს ეხება. პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებულმა გეგმამ ამჯერადაც ნეგატიური რეაქციები გამოიწვია. მთავრობა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას აპირებს. საუბარია ბიუჯეტიდან დაფინანსებული საგრანტო პროგრამის შექმნაზე, რომლის ფარგლებშიც, კონკურსის გზით მესამე სექტორის წარმომადგენლებზე გრანტები გაიცემა. ხელისუფლება მომავალი წლიდან ასამოქმედებელი პროგრამის აუცილებლობას იმ პროცესებით ასაბუთებს, რომელიც, თუ მათ განცხადებებს დავეყრდნობით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონით გათვალისწინებულ რეესტრში დარეგისტრირებას თან სდევდა. საუბარია უცხო ძალის ინტერესის წარმომადგენლად დარეგისტრირების შემთხვევაში, ცალკეული დონორების მხრიდან მომდინარე მუქარებზე.
რა პრინციპით გაიცემა საბიუჯეტო დაფინანსება, რამდენად რელევანტურია სახელმწიფოსგან იმ ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც ხელისუფლების მაკონტროლებლები და ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსები არიან და რამდენად შეინარჩუნებენ ობიექტურობას გრანტების მიმღები ორგანიზაციები? – გეგმას კითხვებთან ერთად ოპონენტებისა და მესამე სექტორის ნაწილის მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა.