საარჩევნო რეფორმაზე არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებას მმართველი გუნდის წევრები პასუხობენ. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების”, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა” და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ერთობლივი შეფასებით, პარლამენტის მიერ განხორციელებული რეფორმა საარჩევნო კოდექსის ყოვლისმომცველ ანალიზს არ ეფუძნება და მხოლოდ ცალკეულ საკითხებს შეეხება. ორგანიზაციებმა საარჩევნო ცვლილებების შეფასების დოკუმენტი გამოაქვეყნეს. ამ დოკუმენტში ნათქვამია, რომ საარჩევნო რეფორმა ევრორეკომენდაციების ერთ-ერთი პუნქტია, რომლითაც მოთხოვნილია საქართველომ მოაგვაროს ყველა ის პრობლემა, რაც ეუთო/ოდირის და ევროპის საბჭო/ვენეციის კომისიის მიერ იყო იდენტიფიცირებული. შეფასების დოკუმენტში ნათქვამია, რომ გატარებულ ცვლილებებში არ მოხვდა ამ ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი მთელი რიგი პრობლემური საკითხები.