აქციების დაგეგმვის სტრატეგია და პოლიტიკური ურთიერთბრალდებები

კანონპროექტის უკან გაწვევამდე აქციები არ შეწყდება – ასეთია გეგმა.

საპროტესტო გამოსვლებს უერთდება ოპოზიციური სპექტრიც. თუმცა პროტესტის წინა ხაზზე პოლიტიკოსები ნაკლებად ჩნდებიან. რა სტრატეგიით და ტაქტიკით უნდა გაგრძელდეს დემონსტრაციები, როდესაც რეზონანსული კანონპროექტის საპარლამენტო განხილვები დასასრულს უახლოვდება – ამ საკითხზე ოპოზიციურ ფლანგზე არაერთგვაროვანი მიდგომებია. მაშინ როცა ოპოზიციონერი აქტორების უმრავლესობა მიმდინარე აქციებს თვითორგანიზებულ გამოსვლებად აცხადებს და მოქალაქეების კარნახით მოქმედებას აანონსებს, ოპოზიციურ სპექტრში არიან ისეთებიც, რომლებიც ორგანიზატორებისგან მკაფიოობას, სამოქმედო გეგმის გასაჯაროებას და პროცესში პოლიტიკური ლიდერების ჩართვას ითხოვენ. აქციებთან ერთად ოპოზიცია ხელისუფლებაზე ზეწოლის მოხდენის კიდევ ერთ მთავარ ინსტრუმენტად საერთაშორისო გამოხმაურებას მიიჩნევს. საპროტესტო გამოსვლების ფონზე თბილისში იმყოფება ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია, დღეს ღამით საქართველოში ჩამოდის ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, რომელიც საერთაშორისო სანქციების კოორდინატორი იყო. ახლა შეფასებების მთავარი თემაა, გასცდება თუ არა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან სადავო კანონპროექტის მწვავე კრიტიკა და გამაფრთხილებელი გზავნილები განცხადებების ფორმას და განიხილება თუ არა პერსონალური სანქციების დაწესება.