აქცია ზესტაფონში

ზესტაფონში, მერიის შენობის წინ აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები ზესტაფონის მოქმედი მერის, კახაბერ მახათაძის გადადგომას მოითხოვენ და ორკვირიან ვადას აძლევენ.

აქციის მონაწილეთა თქმით, მახათაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის შვიდი საქმეა აღძრული. ზესტაფონის მერობის ყოფილი კანდიდატი, გიორგი გოგლიჩიძე აცხადებს, რომ მერმა არ შეასრულა ადგილობრივი რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება თანამშრომლების სამსახურში აღდგენის თაობაზე.

გოგლიჩიძე მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხევაში მერიის შენობის პიკეტირებით იმუქრება. თავად ზესტაფონის მერი აქციის მონაწილეებს სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს და ცილისწამების გამო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.

ზესტაფონის მერიის შენობიდან აქციის მონაწილეებმა პროკურატურის წინ გადაინაცვლეს.