აქცია სოფელ საქობოში

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მასნაარისა და საქობოს მოსახლეობის ნაწილმა, სოფლის საძოვრების სავარაუდო გასხვისებასთან დაკავშირებით, აქცია გამართა. მათი ინფორმაციით, 280 ჰექტარი საძოვრიდან, რომლითაც ადგილობრივები სარგებლობდნენ, 250 ჰექტარს კატეგორია შეეცვალა და სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის სტატუსი მიენიჭა, რის შედეგადაც, ვარაუდობენ, რომ მიწას ეკონომიკის სამინისტრო აუქციონზე გაყიდის ან საიჯარო ხელშეკრულებით გაასხვისებს.

აქციის მონაწილეები თვლიან, რომ თუ სახელმწიფო საძოვრების გაყიდვას გეგმავს, ადგილობრივ მოსახლეობას ფართობის გამოსიყდვის უფლება უნდა მიეცეს. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის განმარტებით, საძოვრების გასხვისებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია მერიას არ მიუღია, რადგან ეკონომიკის სამინისტრო მის ბალანსზე არსებული მიწის ფართობების გასხვისების საკითხს დამოუკიდებლად წყვეტს. მერს მიაჩნია, რომ მოსახლეობის ინტერესები გათვალისწინებული უნდა იყოს.