რესპუბლიკური საავადმყოფოს გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება.
პროტესტი სამართლებრივ სივრცეში ინაცვლებს. ექიმების ნაწილი ხვალ საქალაქო სასამართლოში სარჩელს შეიტანს. ამ ფორმით თანამშრომლები ჯანდაცვის სამინისტროს იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელიც კლინიკის შენობის დანგრევას და საავადმყოფოს რეორგანიზაციას გულისხმობს. საუნივერსიტეტო კლინიკაში დასაქმებულთა ნაწილისთვის აზარაშვილის უწყების მიერ შეთავაზებული კომპენსაცია და სხვა კლინიკაში დასაქმების წინადადება მიუღებელია. მოთხოვნაა, დემონტაჟის ნაცვლად საავადმყოფოს რეაბილიტაცია და სამედიცინო მომსახურების უწყვეტობა. თანამშრომლების ნაწილისთვის არასანდოა კვლევები, რომლებიც რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის ავარიულობას ადასტურებს. სწორედ ამ კვლევებით ახსნა აზარაშვილის უწყებამ ისტორიული კლინიკის მთავარი კორპუსის დანგრევის გადაწყვეტილება.