ფიზიკური დაპირისპირების და აქციის ფონზე მიმდინარე საპარლამენტო განხილვა.
რუსთაველის გამზირი ისევ პოლიტიკური ვნებათაღელვის ეპიცენტრშია. პარლამენტის წინ საპროტესტო გამოსვლა მიმდინარეობს – ოპოზიციასთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად შეკრებილი მოქალაქეები უცხოური გავლენის აგენტთა შესახებ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს აპროტესტებენ და ინიციატივების უკან გაწვევას ითხოვენ. დღეს დაწყებული საკომიტეტო სხდომების ჩაშლას მთავარ მიზნად აცხადებენ ოპოზიციონერი ლიდერები, რომლებიც პარლამენტში მომხდარი დღევანდელი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ პარლამენტის წინ დგანან. აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები კრემლის დავალებად და კონსტიტუციის დარღვევად აცხადებენ კანონპროექტებს, რომელთაგან ერთი არასამთავრობო და მედია-ორგანიზაციებს უცხოური დაფინანსების გასაჯაროებას და უცხოური გავლენის აგენტთა რეესტრში აღრიცხვას ავალდებულებს, მეორე პროექტი კი ამერიკაში მოქმედი უცხოელ აგენტთა რეგისტრაციის აქტის ქართული თარგმანია. ამ წუთებში ხმაურია ჩიტაძის ქუჩაზე. გზის გადაკეტვის მცდელობას რამდენიმე ადამიანის დაკავება მოჰყვა.
ნოდარ ჩაჩუა იმყოფება რუსთაველის გამზირზე.