გვიან ღამით დასრულდა მორიგი საპროტესტო აქცია პარლამენტთან. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა ნაწილი რუსთაველის გამზირზე მსვლელობით მივიდა. აქციაზე იმყოფებოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც. აღსანიშნავია, რომ ორგანიზატორებს შეკრებილებისთვის სიტყვით არ მიუმართავთ და შესაბამისად, განცხადებები არც სამოქმედო გეგმაზე გაკეთებულა. პროტესტის მიმდინარეობისას, აქციის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრალურ გამზირზე რუსეთის სახელმწიფო დროშა დაწვეს.