აქცია პარლამენტთან

პარლამენტის წინ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილისა და 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულთა მხარდასაჭერად კარავი გაშალეს. კარავი პარლამენტის წინ „გამარჯვებული საქართველოს“ წარმომადგენელთა ინიციატივით დაიდგა.

პარტიის წევრის გურამ ჩალაგაშვილის განცხადებით, პოლიტიკოსებთან ყოველდღიურად  შეხვედრები გაიმართება და ისინი შეეცდებიან, 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების, ასევე მათი თქმით, სხვა პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად ყველაფერი გააკეთონ.

გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს. ამავე საქმეზე კიდევ ორი პირი – გიორგი ჯავახიშვილი და თორნიკე დათაშვილი არიან დაკავებულები. ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 27 ივლისს შეუფარდა. 19 სექტემბერს კი, ირაკლი ოქრუაშვილი და მასთან ერთად ორი ბრალდებული მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა.