ხობის საფეხბურთო კლუბის „კოლხეთის“ ფეხბურთელებმა და მხარდამჭერებმა მერიის შენობასთან აქცია გამართეს. ისინი სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, გასულ წელს მერიის მიერ მოძიებულმა ინვესტორმა ფინანსური ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც კლუბს 81 ათას ლარამდე დავალიანება დაუგროვდა და ახლა დაშლის პირასაა მისული. ფეხბურთელებს დღემდე არ მიუღიათ 5-6 თვის ხელფასი. რამდენიმე ფეხბურთელმა კლუბი უკვე დატოვა.
აქციის მონაწილეები მერიას თხოვენ, მოიძიოს ახალი ინვესტორი, ან ძველს მოსთხოვოს დავალიანების დაფარვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გაცილებით ფართომაშტაბიან აქციას გეგმავენ.
გუნდს 2016 წლამდე ხობის მერია აფინანსებდა. ის მერიის ბალანსზე დღემდე რჩება, თუმცა კერძო ინვესტორი აფინანსებს. ფეხბურთელებს ხობის მუმიციპალიტეტის მერი შეხვდა და განაცხადა, რომ დავალიანება უმოკლეს მომავალში დაიფარება.