ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩის 55 ნომერში მცხოვრებლებმა ქუჩა გადაკეტეს. მათი თქმით, პროტესტის მიზეზი ავარიული ხუთსართულიანი კომპლექსია. 45 ოჯახი მოსალოდნელ საფრთხეზე საუბრობს და განსახლებას ითხოვს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ განსახლების საკითხი ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ დადგა და ბათუმის მერიამ სანაცვლო კორპუსის მშენებლობისთვის კომპანია „რეალმშენს“ ნახევარი მილიონი ლარი ჩაურიცხა, თუმცა მას შემდეგ, არც მშენებლობა მიმდინარეობს და აღარც მერია დაინტერესებულა მათი პრობლემით. აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ საცხოვრებელი კორპუსი მაიაკოვსკის ქუჩის რეაბილიტაციის შემდეგ უფრო დაზიანდა. პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში ისინი კვლავ აქციებს აანონსებენ.