აქცია „არა ომს - მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“ - შეფასებები

„არა ომს“ – ამ გზავნილით გაერთიანებული მოქალაქეების პროტესტი რესპუბლიკის მოედანზე და მიმართვა ხელისუფლებას – გია გაჩეჩილაძის და საზოგადოებრივი ჯგუფების ორგანიზებით გამართული გუშინდელი შეკრება არაერთგვაროვანი პოლიტიკური შეფასებების თემაა.

ოპოზიციის ნაწილმა აქციის მიზანი და იდეა ვერ გაიგო, გაცილებით რადიკალური არიან შეფასებებში ცალკეული ოპოზიციური პარტიები, რომლებიც შეკრებას და სიტყვით გამოსვლების დროს გაკეთებულ განცხადებებს ანტიდასავლურად აცხადებენ. მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ აქციის ორგანიზებასთან კავშირს უარყოფს, ოპონენტების ნაწილი შეკრების მიღმა სწორედ მმართველი პარტიის კვალს ხედავს და მას ადმინისტრაციული რესურსის მობილიზებაშიც ადანაშაულებს.

უნდობლობა პრეზიდენტს, მოწოდება პოლარიზაციის დასრულებისკენ, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება, პლებისციტი რევოლუციური სცენარის თავიდან ასაცილებლად, ევროკავშირისგან ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობა – ხალხმრავალი აქცია კონკრეტული მოთხოვნებით დასრულდა.