შეფასებები კეთდება ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებასა და მისი ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებებზე. არასამთავრობო სექტორში მიიჩნევენ, რომ ანტიკორუფციული ბიურო არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და ცდილობს, შეზღუდოს სიტყვის თავისუფლება.
შეგახსენებთ, ანტიკორუფციული ბიურო „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა“ და „აირჩიე ევროპას“ საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად აცხადებს და მათ მიმართ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების გავრცელებას ითხოვს. ბიუროს ხელმძღვანელის თქმით, მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ეს ორგანიზაციები აქტიურად მონაწილეობენ წინასაარჩევნო კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავს როგორც კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის, ასევე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მოწოდებებს.
ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები ვალდებულნი არიან, ხუთი დღის ვადაში ბიუროს წარუდგინონ გადაწყვეტილებით დადგენილი საანგარიშო პერიოდის შესაბამისი ფინანსური ანგარიშები. ასევე გახსნან და წარადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტების შესახებ, რომლებიც გამოიყენება მათ საარჩევნო მიზნებთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯებისთვის.