ანაკლიის პორტის მშენებლობა დაიწყო

ანაკლიის პორტის მშენებლობის პირველი ეტაპი იწყება.

გეგმის მიხედვით, 2029 წელს ღრმაწყლოვანმა ნავსადგურმა პირველი გემი უნდა მიიღოს. თუმცა, ვადამ შესაძლოა გადმოიწიოს. ახლა პორტის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობა უნდა დაიწყოს, რაც ნიშნავს, რომ ზღვის ფსკერის დაღრმავება უნდა მოხდეს და ერთ კილომეტრიანი ტალღმტეხელი მოეწყოს. ამ სამუშაოებს ბელგიური კომპანია „ჯენ დე ნული“ შეასრულებს, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე 117 მასშტაბური პროექტი აქვს განხორციელებული. მოლოდინია, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის ნავსადგური შუა დერეფნის მარშრუტში და ევროპისა და აზიის დაკავშირების კუთხით საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს კიდევ უფრო გაზრდის. ბელგიური კომპანიის მიერ ჩასატარებელ სამუშაოებზე 500-მდე ადამიანის დასაქმება იგეგმება. სტრატეგიული მნიშვნელობის პორტის ოპერირება ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა წინა ინვესტორის გამო პროექტი რამდენჯერმე გადავადდა, 2016 წელს გაფორმებული ხელშეკრულება კი ვალდებულების შეუსრულებლობის არგუმენტით წლების შემდეგ საერთოდ შეწყდა. ხელახალი ტენდერის შემდეგ ახალ ინვესტორად ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი შეირჩა.