რამდენიმე თვიანი ლოდინის შემდეგ ანაკლიის პორტის ინვესტორი ცნობილია.
მასშტაბურ პროექტში ჩინურ-სინგაპურული კომპანია ერთვება, რომელსაც ტენდერში გამარჯვებულად უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ. სწორედ ის იქნება სახელმწიფოს კერძო პარტნიორი და ინვესტიციის ჩამდები ღრმაწყლოვან ნავსადგურში, რომელიც რამდენიმე ასეულ ათასობით ტონამდე ტვირთის გადაზიდვაზეა გათვლილი. სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენებული პორტის 51%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა, 49%-ი კი ჩინურ მხარეს გადაეცემა. ტენდერში მონაწილე ოთხ კომპანიას და მათ მიერ წარმოდგენილ წინადადებებს შორის არჩევანი საერთაშორისო კონსულტანტების დახმარებით გაკეთდა. როგორც ირკვევა, შერჩევის ორ ეტაპიან პროცესში ჩინურ-სინგაპურული და შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანიების სახით ორი პრეტენდენტი გამოიკვეთა, თუმცა მოთხოვნილი წინადადებები ბოლო ეტაპზე მხოლოდ ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა წარმოადგინა. მოლოდინია, რომ ანაკლიის პორტი, როგორც გეოპოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით უმსხვილესი და სტრატეგიული ობიექტი, შუა დერეფნის პროექტში საქართველოს სატრანზიტო როლს მნიშვნელოვნად გაზრდის. თავის დროზე ანაკლიის პროექტი პოლიტიკური დაპირისპირების თემა გახდა. სახელმწიფოს მხრიდან მამუკა ხაზარაძის ქართულ-ამერიკულ კონსორციუმთან ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ დაწყებულმა დავამ საარბიტრაჟო სასამართლოში გადაინაცვლა.