„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურას მიმართავს. წითლიძემ 19 სექტემბერს ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე ისაუბრა და საქმის გადაკვალიფიცირება მოითხოვა. მისი განმარტებით, გამოძიება უნდა წარიმართოს სამი მიმართულებით, ორგანიზებული დანაშაული, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, პოლიტიკურ პირზე თავდასხმა და შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლების ხელყოფა. მისი თქმით, მან უკვე მიმართა გენერალურ პროკურატურას იგივე მოთხოვნით. ანა წითლიძე აცხადებს, რომ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებულია და მომხდარის შესახებ ინფორმირებული არიან საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები. შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, 19 სექტემბერს მომხდართან დაკავშირებით, შსს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.