20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე დღეს სატელეფონო კომპანია „მაგთიკომის“ იურისტი იკითხება.
საქმის არსებითი განხილვა დასასრულს უახლოვდება. დღევანდელ სხდომაზე მოწმემ ანძის მეშვეობით ამოღებული სატელეფონო ზარების შესახებ ისაუბრა. გამოძიების ინფორმაციით, გარდაცვლილს ტელეფონზე ბრალდებულის სატელეფონო ზარი გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე არის დაფიქსირებული.
20 წლის ანა ნაცვლიშვილი მიმდინარე წლის 21 თებერვალს მოკლეს. მას ცივი იარაღით თავისა და კისრის არეში მრავლობითი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. 22 თებერვალს, ცხელ კვალზე, განზრახ მკვლელობის ბრალდებით მისი მეგობარი ლადო გრიგალაშვილი დააკავეს. გრიგალაშვილი ბრალს არ აღიარებს. მისი მამის კუთვნილი ავტომობილიდან ამოღებულია დანა, რომელზეც გამოძიების ინფორმაციით, მოკლული ნაცვლიშვილის სისხლის კვალია აღმოჩენილი. პროკურატურის ინფორმაციით, ცივი იარაღი საკუთარი მამის ავტომობილში სწორედ გრიგალაშვილმა დამალა. იურისტის გარდა პროცესზე 2 გამომძიებელიც იკითხება.