საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის, ცესკო-ს ინფორმაციით, ამომრჩეველთა რაოდენობამ 3 მილიონ 528 ათას 658 შედგინა, რაც ჯამში 9 781 ამომრჩევლით მეტია პირველ ტურში არსებულ რაოდენობასთან შედარებით. ცენტრალური საარჩევნო კომისიის განმარტებით, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ რეგისტრირებული 28 ოქტომბრის პირველი ტურის არჩევნებისთვის, ან ვერ გაიარეს რეგისტრაცია დადგენილ ვადაში და ასევე პირები, რომლებსაც 28 ოქტომბრის შემდეგ შეუსრულდათ 18 წელი.
ცესკოს ინფორმაციით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, არჩევნების მეორე ტურისთვის დაახლოებით სამი მილიონ 561 ათას 983 მოქალაქის მონაცემი გადასცა, თუმცა მას შემდეგ, რაც კომისიამ კანონის შესაბამისი კრიტერიუმებით დაამუშავა მონაცემები, სააგენტოს მიერ გადაცემულ რაოდენობას დაახლოებით 33 000 მოქალაქის მონაცემი გამოაკლდა.
როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, ისინი არიან ძირითადად ის ადამიანები, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, სადაც არ იხსნება საარჩევნო უბნები, ან არ აქვთ რეგისტრაცია გავლილი და ასევე, სასჯელს იხდიან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის.
ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის გადაგზავნილ მონაცემებთან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელიც. სოსო გიორგაძემ ისაუბრა არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებთან დაკავშირებითაც. მისი ინფორმაციით, ის ორშაბათს გეგმავს შეხევდეს მესამე სექტორის წარმომადგენლებს.