საქართველოს პარლამენტი კიდევ ერთ პროექტზე მუშაობს, რომელიც გარკვეული კატეგორიის პატიმრების ამნისტიას ეხება. პროექტის თანახმად, ყველა პირს, რომლებიც 2020 წლის 5 მარტიდან, 2020 წლის 25 მაისამდე, ასევე 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში პატიმრობაში ბრალდებულის ან მსჯავრდებულის სტატუსით იმყოფებოდა, სასჯელის მოხდის ვადა განსხვავებული წესით დაუანგარიშდებათ. კერძოდ, მომზადებულ კანონპროექტში, რომლის ავტორიც უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძეა, აღნიშნულია, რომ აღნიშნულ პერიოდში, სასამართლო განხილვამდე, პატიმრობაში ყოფნის დრო ბრალდებულებს ჩაეთვლებათ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის 4 დღე – თავისუფლების აღკვეთის 5 დღე. ამასთან, ამნისტიის აქტი ვრცელდება 2004 წლის 1 იანვრამდე ჩადენილ დანაშაულებზე.