ამირან გამყრელიძე ღია წერილს ავრცელებს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ჯერ კიდევ მოქმედი ხელმძღვანელი მოქალაქეებს მიმართავს და ათწლიან საქმიანობას აჯამებს. ქვეყნის პირველი იმუნოლოგი აღნიშნავს, რომ თანამდებობიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღო და ამის მიზეზი ცვლილებების სურვილი და ახალგაზრდებისთვის გზის დათმობაა. მისი სამომავლო გეგმები სამეცნიერო და აკადემიურ საქმიანობას უკავშირდება.
წერილის დიდ ნაწილს გამყრელიძე გლობალურ გამოწვევებს, მათ შორის პანდემიას უთმობს და მასთან ბრძოლაში ცენტრის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. წერილის ბოლოს ეპიდემიოლოგი იმედს გამოთქვამს, რომ დაგეგმილი პროგრამები განხორციელდება და ცენტრი საზოგადოებრივი ჯანდაცვის განვითარებაში კიდევ უფრო დიდ წვლილს შეიტანს.