საქართველოში მიმდინარე პროცესებს აფასებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი. „საქართველოს მთავრობას შეუძლია, ხელახლა დაადასტუროს თავისი დემოკრატიული ევროატლანტიკური ტრაექტორია კანონის უზენაესობის პატივისცემით, საარჩევნო პროცესში არსებული ხარვეზების გამოსწორებით, ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის გაუქმებითა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის რეფორმების რეკომენდაციებზე მნიშვნელოვანი ძალისხმევის გაწევით“, – განაცხადა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე. მისივე თქმით, ქართველი ხალხის 80 პროცენტზე მეტს ქვეყნის ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია სურს. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადებით, ამერიკა გადის კონსულტაციებს ევროპელ პარტნიორებთან იმის თაობაზე, თუ რომელმა სათანადო ორგანომ უნდა გამოიძიოს არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევები.