საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრის, ალექსანდრე ლომთათიძის ცხედარი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. მანამდე სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა, რომელსაც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი პირები და საპატრიარქოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
1917 წლის ნოემბრიდან ლომთათიძე იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, 1918 წლიდან კი ამიერკავკასიის სეიმის წევრი. მან ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 1918 წელს იყო საქართველოს პარლამენტის წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან, 1919 წელს კი თბილისის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს. ალექსანდრე ლომთათიძე საბჭოთა რეჟიმმა რამდენჯერმე დააპატიმრა. ბოლოს ის ანტისაბჭოთა აჯანყების შემდეგ, 1924 წელს ტაშკენტში დააკავეს, სადაც მალევე, 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ტაშკენტში ქრისტიანთა სასაფლაოზე დაკრძალეს. აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე ლომთათიძის საფლავი უზბეკეთში საქართველოს საელჩოს მიერ იქნა მოძიებული. მისი ნეშტის გადმოსვენება კი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, თბილისის მერიის ჩართულობითა და საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით განხორციელდა.