ალავერდის ტაძრის გუმბათზე ჯვარი აღიმართა

სტიქიის შედეგად დაზიანებული ალავერდის სამონასტრო კომპლექსის ტაძრის გუმბათზე ახალჩამოსხმული თითბრის ჯვარი აღიმართა. ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, უახლოეს დღეებში იგეგმება გუმბათის ქვედა ნაწილებში დამტვრეული ლორფინების აღდგენა, რის შემდეგაც მოეწყობა სპილენძის საბურველი. აღდგენითი სამუშაოების ფარგლებში, უკვე დასრულებულია საეპისკოპოსო სახლსა და ტაძრის დასავლეთ მინაშენზე (სტოა​) კრამიტის საბურვლის მოწყობა და სამონასტრო კომპლექსში შემავალ სიძველეთა საცავის სახურავზე დაზიანებული კრამიტის საბურვლის შეცვლა. ალავერდის ტაძრის გუმბათის თუნუქის საფარი მიმდინარე წლის 25 ივნისს მომხდარმა ძლიერმა სტიქიამ დააზიანა.