შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა საძიებო-სამაშველო ოპერაციების ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით კიდევ ექვსი ახალი სწრაფმავალი სამაშველო კატარღა შეიძინა. ინფორმაციას ამის შესახებ უწყება ავრცელებს. ბათუმში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და ბათუმის მერს ახალი კატარღები დაათვალიერებინა და ტექნიკური შესაძლებლობები გააცნო. „თანამედროვე კატარღები შავი ზღვის სანაპირო ზოლზე გადანაწილდება და ეფექტურია როგორც ზღვაში, ასევე მდინარეში სამაშველო-საძიებო მოქმედებების დროს. კატარღები აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით. მასზე დამონტაჟებულია წყლის ფსკერის სკანირების საშუალებები“, – ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.