მომავალი კვირიდან საქართველოში კიდევ ერთი ჩინური ვაქცინის გამოყენება იწყება.
24 მაისიდან მსურველებს ჩინეთიდან საჩუქრად მიღებული „სინოვაკით“, იგივე „კორონავაკით“ აცრა შეუძლიათ. ამ პრეპარატს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ჯერ არ მიუღია, თუმცა უკვე არსებული კვლევების და ექსპერტთა შუალედური ანგარიშის საფუძველზე ეპიდემიოლოგები განმარტავენ, რომ გართულებებისგან და ლეტალური შემთხვევებისგან დაცვის კუთხით 20 ქვეყანაში უკვე რეგისტრირებული „სინოვაკის“ ეფექტურობა 85-დან 100%-მდე მერყეობს. წინასწარი პროგნოზის მიხედვით, მითითებული ვაქცინა ჯანმო-სგან საგანგებო მოხმარების ნებართვას მომავალი კვირის ბოლოს მიიღებს. „სინოფარმის“ მსგავსად, „სინოვაკიც“ ტრადიციული მეთოდებითაა დამზადებული და ამ პრეპარატით ვაქცინაცია 18-წლიდან ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფისთვის იქნება ხელმისაწვდომი.