ციფრული უნივერსიტეტი, ხის და კერამიკის სახელოსნოები, განახლებული ბიბლიოთეკა – გლდანის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში ახალი სარეაბილიტაციო სივრცე მოეწყო.
პენიტენციურ სისტემაში ეს რიგით მე-6 „ციფრული უნივერსიტეტია“, რომელიც მსჯავრდებულებს შესაძლებლობას აძლევს, დისტანციურად ჩაერთონ საუნივერსიტეტო სწავლების პროცესში; ონლაინ დაესწრონ ლექციებს და პირდაპირი, ინტეგრაციული კომუნიკაცია ჰქონდეთ ლექტორებთან. სარეაბილიტაციო სივრცე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა მის მოადგილესთან და უწყების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად გახსნა. სივრცეში მსჯავრდებულებს დარგის სპეციალისტები ახალ პროფესიას შეასწავლიან, შემდგომ კი, დასაქმდებიან. სრულად განახლდა დაწესებულების ბიბლიოთეკაც, რომელიც განკუთვნილია როგორც სამკითხველოდ, ისე ფილმების საჩვენებლად და სტუმრებთან შესახვედრად. მოეწყო სივრცეები მსჯავრდებულებთან ფსიქოსარეაბილიტაციო და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის ჩასატარებლადაც.