პოლიტიკური სურათი შეიცვალა ამერიკის საკანონმდებლო ორგანოშიც. კონგრესის არჩევნები „რესპუბლიკელებისთვის“ სასარგებლო შედეგით დასრულდა. ტრამპის პარტია წარმომადგენელთა პალატაში, სავარაუდოდ, კონტროლს შეინარჩუნებს. „რესპუბლიკელებმა“ უმრავლესობა მოიპოვეს სენატში, სადაც დღეს წევრთა მესამედი აირჩიეს. მანამდე უმრავლესობას „დემოკრატები“ ფლობდნენ. ძალთა ახალი გადანაწილება აშშ-ის პრეზიდენტს და მის პარტიას საშუალებას მისცემს, რომ საკანონმდებლო ინიციატივები კანონებად დაუბრკოლებლად აქციოს. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ 2016-20 წლების პრეზიდენტობის პერიოდს, როდესაც წარმომადგენელთა პალატაში შუალედური არჩევნების შედეგად უმრავლესობის დაკარგვის გამო დონალდ ტრამპის პარტიას მნიშვნელოვანი კანონპროექტების წარდგენის დროს სერიოზული წინააღმდეგობები და დაბრკოლებები ხვდებოდა.