ცოტა ხნის წინ ბოლნისში „კოვიდ-19“-ის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ხუთივე ფაქტი ისევ ბოლნისის რაიონის სოფელ მუშევანს უკავშირდება, რომელიც გეტასთან ერთად ყველაზე მაღალი რისკის ზონად ითვლება. თუ საერთო სურათს გავითვალისწინებთ, ინფექციის გავრცელების არეალი სულ უფრო მცირდება – ქვეყანა პრაქტიკულად იმ ნიშნულს უბრუნდება, როგორიც თებერვლის ბოლოს, ანუ ახალი კორონავირუსის გამოვლენის პირველ დღეებში იყო.
თითქმის სამი თვის თავზე ქვეყნდება ანგარიში, რომელიც საქართველოში „კოვიდ-19“-ის გავრცელების მთავარ მახასიათებლებსა და ტენდენციებს ასახავს.
ირკვევა, რომ ინფიცირებულ მოქალაქეთა 17%-ს ტესტირების დროს სიმპტომები საერთოდ არ ჰქონდა. ამ მომენტისთვის ქვეყანაში ყოველ 100 000 მოქალაქეზე 17-მდე დაავადებული მოდის. საყურადღებოა საჩხერის შემთხვევაც – ორი „პისიარ ტესტის“ მიხედვით განკურნებული და კლინიკიდან გაწერილი პაციენტი საავადმყოფოში დააბრუნეს.