უკვე მესამე დღეა, საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევები დღიურად ერთნიშნა მაჩვენებელს აღარ აცდენია.
დღეს „კოვიდ-19“ ექვს ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 97. ახალი ფაქტებიდან ერთი ისევ ბოლნისს უკავშირდება, სადაც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კლასტერია გამოვლენილი. ინფიცირებული სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომელია. ქვეყანაში შიდა გავრცელების პირველი ფაქტის დაფიქსირებიდან მეხუთე კვირა დაიწყო. ეპიდემიოლოგიური გათვლებით კი, ასეთი შემთხვევიდან მე-6-მე-7 კვირაა პიკური. ამიტომ ეპიდემიოლოგები მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ და სოციალური დისტანცირების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებენ. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს, დღეს საქართველოში „კოვიდ 19“-ის გავრცელება გრაფიკი გლუვია. მთავარია, რომ ის არ გახდეს ციცაბო – ეს ახლა ეპიდემიოლოგების მთავარი ამოცანაა.