ახალი პოლიტიკური კონფიგურაცია პარლამენტში.
შარლ მიშელის შეთანხმების გაფორმების და ოპოზიციის ნაწილის საკანონმდებლო ორგანოში შესვლის შემდეგ პირველი ოპოზიციური ფრაქცია შეიქმნა. 4-მანდატიანი „ლელოს“ ფრაქციას სამი უპარტიო დეპუტატი შეუერთდა. სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე დღეიდან ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრები არიან. ფრაქციის შექმნას ჯერ არ ჩქარობს „გირჩი“. რაც შეეხება „სტრატეგია აღმაშენებელს“, მას არჩევნების შედეგად ოთხი მანდატი აქვს მიღებული, თუმცა სამი დეპუტატითაა წარმოდგენილი, რის გამოც ფრაქციის შესაქმნელად საკმარისი რესურსი არ აქვს. ჯერ მხოლოდ ვერსიების დონეზეა, რომელი ოპოზიციონერი დეპუტატების თანამშრომლობა შეიძლება გაგრძელდეს ფრაქციის ფორმატში.
მომავალ შესაძლო კონფიგურაციებს თამუნა წიკლაური არკვევდა.