ახალი ბრალდება ტრამპს

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ დაადგინა, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პასუხისმგებელია ცილისმწამებლურ კომენტარებზე, რომლებიც მან 2019 წელს მწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლის მისამართით გააკეთა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, სასჯელის სახით დონალდ ტრამპს ელიზაბეთ ჯინ კეროლისთვის ზიანის ანაზღაურება დაეკისრა. ცილისწამებასთან დაკავშირებული შემდეგი სასამართლო პროცესი 2024 წლის 15 იანვარს არის ჩანიშნული, რომელიც მხოლოდ იმაზე იქნება ორიენტირებული, თუ რა ოდენობის თანხა უნდა გადაუხადოს დონალდ ტრამპმა ელიზაბეთ ჯინ კეროლს. მწერალმა დონალდ ტრამპი 1996 წელს მანჰეტენის ერთ-ერთი მაღაზიის გასახდელ ოთახში სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. კეროლმა პირველად ამის შესახებ New York Magazine-ის სტატიაში 2019 წელს განაცხადა, თუმცა დონალდ ტრამპმა ბრალდებები უარყო და აღნიშნა, რომ მწერალმა ეს ამბავი თავისი წიგნის გასაყიდად მოიგონა. ამის შემდეგ, ელიზაბეთ ჯინ კეროლმა ტრამპის წინააღმდეგ ცილისწამების ბრალდებით სარჩელიც შეიტანა, სადაც ის ამტკიცებდა, რომ ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა შელახა მისი რეპუტაცია და მიაყენა ემოციური ზიანი. მანამდე ტრამპი სასამართლომ მწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლის სექსუალური შევიწროებისა და ცილისწამებისთვის დამნაშავედ ცნო, გაუპატიურების ბრალდება კი არ გაიზიარა.