ახალგაზრდული მოძრაობების პროტესტი გრძელდება. აქციები თბილისსა და შეკვეთილში კვლავ უცვლელი მოთხოვნებით გაიმართა – ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები პროპორციული სისტემით.
მოძრაობა „შეცვალეს“ წარმომადგენელები კიდევ ერთხელ მივიდნენ პარლამენტთან. შენობასთან მათ მცირე ზომის წყლის ჭურჭელი მიიტანეს და არჩილ თალაკვაძის კომოს ტბაზე ვიზიტი გააპროტესტეს. მათი თქმით, ქვეყანაში კრიზისული ვითარების დროს, პარლამენტის თავმჯდომარე ძვირადღირებულ კურორტზე არ უნდა ისვენებდეს.
პარლამენტთან შეკრებილებმა მოგვიანებით ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გადაინაცვლეს. პროტესტი გამოხატეს ივანიშვილის სახლთან, შეკვეთილშიც. აქცია-პერფორმანსი სახელწოდებით – „არ გაისუსება“, მოაწყვეს „გირჩის“ წევრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან.