ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევის მიხედვით, საკონსტიტუციო ცვლილებებისა და ახალი რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ, საპარლამენტო კონტროლის ხარისხი გაუმჯობესდა. თუმცა საია-ს დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორის, ვახუშტი მენაბდის განმარტებით, მიღწეული პროგრესი საკმარისი არ არის და საპარლამენტო კონტროლის გასაძლიერებლად ნაბიჯები კიდევ გადასადგმელია. მისი თქმით, კვლევის პროცესში, როგორც ნორმების, ისე მათ აღსრულებაში 60-ზე მეტი ხარვეზი გამოიკვეთა, რომელთა გამოსასწორებლად კონკრეტული რეკომენდაციები გაიწერა. ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია სამთავრობო საათსა და ინტერპელაციის პროცედურას უკავშირდება. საია-ში მიიჩნევენ, რომ ინტერპელაცია პარლამენტში თვეში ერთხელ მაინც უნდა ჩატარდეს. სამთავრობო საათი კი ყოველ სასესიო კვირაში გაიმართოს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევა, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს დაფინანსებით ჩატარდა, 2019 წლის ორივე, ხოლო 2020 წლის საგაზაფხულო სესიას მოიცავს.