აკაკი ზოიძის წინადადებაზე, რომელიც 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ, რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებას ითვალისწინებს, მმართველი გუნდი, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში დაგეგმილ უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელებს. შესაბამისად, ამის შემდეგ გახდება ცნობილი, როგორი იქნება „ქართული ოცნების“ პასუხი თანაგუნდელის ინიციატივაზე.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით, ამ საკითხებთან დაკავშირებით, საზოგადოებასთან კომუნიკაცია მისასალმებელია, თუმცა თემა ერთგვარ სამართლებრივ გამოწვევას წარმოადგენს, რასაც მსჯელობა სჭირდება.
ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ რეფერენდუმი ან პლებისციტი გამოსავალი ვერ იქნება, ვინაიდან საბოლოოდ პროცესი მაინც საკანონმდებლო ორგანოში უნდა დაბრუნდეს, რისთვისაც კვლავ საკონტიტუციო უმრავლესობის მხარდაჭერა იქნება საჭირო. ამიტომ ოპოზიცია ამბობს, რომ ერთადერთი გამოსავალი მათ მიერ შეთავაზებული ე.წ. გერმანული მოდელია.
აკაკი ზოიძემ საკუთარ ინიციატივაზე გუშინ ისაუბრა. დეპუტატი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიმართავს და მოუწოდებს, მიიღონ ზომები რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩასატარებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, არა მხოლოდ უმრავლესობის, არამედ საპარლამენტო მანდატის დატოვებასაც არ გამორიცხავს.