„აიცერი, ვაქცინა გვიცავს“ 

ეპიდემიოლოგების მოლოდინი ამ ეტაპზე არ გამართლდა.

საქართველოში ვაქცინაცია საკმაოდ ნელი ტემპებით მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, სამ დღეში აცრილია მხოლოდ 2 719 ადამიანი, რეგისტრირებულია და რიგს ელოდება 2 600-ზე მეტი სამედიცინო მუშაკი. წინასწარი გათვლებით, დღეში 3 000 ადამიანის აცრა იგეგმებოდა, თუმცა მიზნობრივ დღიურ მაჩვენებელს სამ დღეშიც კი ვერ მიაღწიეს. ასათვისებელია „ასტრაზენეკას“ 40 000-ზე მეტი დოზა. ბრიტანულ-შვედური წარმოების ვაქცინის შესაძლო გვერდით ეფექტებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უკვე სწავლობს და კვლევის შედეგებს უახლოეს დღეებში წარმოადგენს. მანამდე კი ორგანიზაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და თრომბოემბოიური გართულებების ვაქცინასთან კავშირს არ ადასტურებს. „ასტრაზენეკათი“ მოსახლეობის აცრა უნდა გაგრძელდეს – ასეთია ჯანმო-ს გზავნილი.